09/03/2025
📌 დაბადებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში თითის წოვა ბუნებრივი რეფლექსია. აღნიშნული პროცესი ბავშვს ამშვიდებს, აწყნარებს. არის შემთხვევები, როდესაც თითის წოვას მუცლადყოფნის პერიოდშიც იწყებენ.
📍ასაკის მატებასთან ერთად ბავშვების უმეტესობას თითის წოვა ჩვევაში გადასდის. როგორც წესი, 2-4 წლის ასაკში თვითონ ანებებენ ამ ჩვევას თავს. მაგრამ თუ ეს პროცესი ხანგრძლივად გაგრძელდა, კერძოდ, სარძევე თანკბილვის ჩამოყალიბების შემდეგ და მუდმივი კბილების ამოჭრის პროცესში, შესაძლოა გავლენა იქონიოს კბილების დგომასა და ყბების ზრდის პროცესზე.
‼️ აღნიშნული დარღვევები ვითარდება კბილებზე თითის პირდაპირი ზემოქმედებისა და ასევე ენის, ლოყისა და ტუჩის ზეწოლის ცვლილების შედეგად. როდესაც ბავშვი ცერა თითს ათავსებს პირის ღრუში, ზეწოლა ვითარდება ზედა ყბის საჭრელ კბილებზე წინა მიმართულებით და ქვედა ყბის საჭრელ კბილებზე უკანა (ზოგჯერ წინა) მიმართულებით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კბილების გადაადგილება უფრო მეტად დამოკიდებულია დღე-ღამის განმავლობაში განხორციელებული წოვითი ჩვევის ხანგრძლივობაზე ვიდრე ზეწოლის სიდიდეზე. როდესაც ბავშვი ძლიერად, მაგრამ გარკვეული ინტერვალებით (შუალედებით) წოვს თითს, შეიძლება ამ დროს ზედა და ქვედა საჭრელი კბილები არც გადანაცვლდეს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ბავშვს მთელი ღამე სძინავს ისე, რომ ცერა თითი მოთავსებული აქვს პირის ღრუში, დიდი ალბათობაა განვითარდეს თანკბილვის ანომალია, ძირითადად, ღია თანკბილვა.
❌ ბავშვებს აღენიშნებათ ფუნქციური დარღვევები, ყველაზე ხშირად მეტყველების დარღვევა, კერძოდ, სისინა/შიშინა (ს, ზ, ც, ძ, წ / შ, ჩ, ჟ, ჯ, ჭ ) ბგერების წარმოთქმა უჭირთ.
❗️თუ ბავშვს აღნიშნული ჩვევა დიდი ხანია აქვს, თითის დათვალიერებისას უმეტესად ვლინდება დეფორმაციები ან პარონიქია (ფრჩხილის ახლომდებარე რბილი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება).
📌 აუცილებელია მშობლების ინფორმირებულობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მათთვის შესაბამისი რჩევა-დარიგებების მიცემა ამ ჩვევის დროულად შეწყვეტისთვის: მშობლების მიერ ბავშვისთვის ვერბალური შეხსენებები, რომ პირში თითი არ ჩაიდოს, ბავშვის წახალისება, სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით დატვირთვა ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად.
✅ დღესდღეობით აქტიურად გამოიყენება Thumb guard (თითის დამცავი), რომელიც დამხმარე საშუალებაა თითის წოვის ჩვევაზე თავის დასანებებლად.
და ბოლოს ‼️
დროულად მიმართეთ ორთოდონტს შესაძლო გართულებების თავიდან ასარიდებლად!
📹 კომენტარებში იხილეთ ვიდეო