26/12/2025
ეს თქვენ საშობაო-საახალწლოდ: ნაწყვეტები ზღაპრიდან "პირველი თოვლი და ახალი წელი ტყეში" (კრებულიდან "სანამ ტყეში სიკეთე ტრიალებს")
- ნეტა ჩვენმა წიფლებმა თუ გაიგეს, ახალი წელი რომ მოვიდა? - იკითხა წუწუნამ.
- ახალი წლის მოსვლას ჩვენთან ერთად მარტო ნაძვები ეგებებიან, წიფლებს და სხვა ხეებს ახლა გულის ძილით სძინავთ და სიზმარში ალბათ თავიანთ აყვავებულ ტოტებს ხედავენ, უხარიათ და ძილში იღიმებიან.
დიდი ნაძვის გარშემო ტყის ბინადრები ამ დროს ცეკვავდნენ, მღეროდნენ და მხიარულობდნენ. სიმღერის მასწავლებელი კაჭკაჭი ნაძვის მაღალ ტოტზე შემოსკუპდა, ფრთები შეისწორა და სმენა იყოს და გაგონებაო, იქიდან გადმოსძახათ (სიმღერის მასწავლებლად თვითონვე დაიყენა თავი, ხმა კი არ მივარგა, მაგრამ სმენა მაქვს შესაშური, თუ ვინმე არასწორად დაიჩხავლებს ან დაიწრიპინებს, არაფერი გამომეპარებაო). თავის შავ-თეთრ ფრაკში გაიჯგიმა, ფრთიდან გრძელი ბუმბული გამოიძრო, ჯოხივით მოიმარჯვა და დიდი ამბით დაიწყო დირიჟორობა. ბატონი სოკო კი შიშობდა, სასტუმროში გამოსაზამთრებლად შეფარებული ლოკოკინები არ დამიფრთხოს ხმაურმაო და თავის ქუდს მალ-მალე ახედავდა ხოლმე, მაგრამ ყველამ რომ ტყის საახალწლო სიმღერა შემოსძახა, ვერ მოითმინა და აჰყვა. სიმღერამ ისე გაიტაცა, ადგილზე ირწეოდა და შიგადაშიგ ჩაბუქნავდა ხოლმე კიდეც; ზოგჯერ ხმასაც უწევდა, მაგრამ ქუდის ბინადრები მალევე ახსენდებოდა და მაშინვე ჩურჩულით სიმღერაზე გადადიოდა.
ყველა ძალიან ბედნიერი იყო. ბედნიერი იყო ჩვენი პატარა ყურშაც, სიხარული პატარა გულში აღარ ეტეოდა. ძალიან მოუნდა, ეს სიხარული თავისი მეგობარი მთვარისა და ვარსკვლავებისთვისაც გაეზიარებინა და მაღლა აიხედა. ხის კენწეროებს შორის ერთადერთი ვარსკვლავი იჭყიტებოდა, ოქროს, ვერცხლის და ცის ფერებად ციმციმებდა და თითქოს მოზეიმეებს ისიც თავს დაჰხაროდა.
- ეს შობის ვარსკვლავია - ადამიანები მას ასე ეძახიან, - უთხრა ბატონმა სოკომ, - ახლა ალბათ ისინიც ზეიმობენ და მათი პატარებიც ჩვენსავით მხიარულობენ, რადგან ადამიანებს ძალიან უყვართ ეს დღესასწაული.
- ადამიანები როგორ ხვდებიან თავიანთ დღესასწაულს?
- ისინი ამ დღეს ერთად იკრიბებიან, განსაკუთრებულ სადილს აწყობენ, მღერიან, სანთლებს ანთებენ და ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. და ისინიც აი, ამ ვარსკვლავს უყურებენ.
ტურიკოს ის კაცები გაახსენდა, ადრე რომ შეხვდნენ ტყეში და შავ ოთხკუთხედში ფეხბურთსაც აყურებინეს. პატარა შვილები მათაც ეყოლებათ და ახლა ალბათ ისინიც ჩემსავით ამ ვარსკვლავს შესცქერიანო, გაიფიქრა და გაეღიმა. „ნეტავ აფრიკაში თუ არის ახალი წელი და ჩემი იქაური ბიძაშვილი ფენეკუნიებიც თუ ხედავენ ამ ვარსკვლავს?“ - შორს წავიდა ფიქრებით... ....
ამ დროს ყურშას ცხვირზე თოვლის ფიფქი დაასკუპდა.
- შენც გმადლობ, მოქარგულო ფიფქუნია, - გაუღიმა ყურშამ და კარგად რომ დაენახა, თვალები დააელმა. ფიფქი უცებ დადნა და ყურშა ახლა სხვა ფიფქს გამოეკიდა, შენ მაინც არ გაქრე, სად მიდიხარო. ასე დასდევდა აქეთ-იქით მოქარგულ ფიფქებს და ყურებს მხიარულად აპარტყუნებდა.
ტყის მეორე მხარეს კი ტბაში მშვიდად დაცურავდა დიდი-დიდი ბებო და თავისი ბავშვობის დროინდელი საახალწლო ამბებით ართობდა პატარებს. ტბის პირას ცხოველებს მოეყარათ თავი და ყველანი ერთად ზეიმობდნენ - აბა მეზობლები დიდ-დიდ ბებოს მარტოს ხომ არ დატოვებდნენ.
ახალმა წელმა კეთილი ტყის კეთილ ბინადრებს ჯილდოდ უამრავი კარგი რამ მოუტანა - ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება კიდევ ძალიან, ძალიან დიდხანს, სანამ ცაზე მზე ანათებს, ქვეყანაზე სიკეთე არსებობს, სანამ ერთმანეთი გვიყვარს და ხის კენწეროებში მოციალე ვარსკვლავი გვინათებს გზას.