07/11/2025
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ,,შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა მხარდაჭერა - სიახლეები, გამოწვევები და შესაძლებლობების“ თემაზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ გახსნა და მონაწილეებს 2026 წლისთვის სამინისტროს პროგრამებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ამოქმედდება „რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერის“ პროგრამა, გაიზრდება „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის" კურსების დაფინანსება და სეანსების რაოდენობა.
,,პროგრამების კიდევ უფრო ეფექტიანობისთვის სამინისტრო სისტემატურად მართავს შეხვედრებს სხვადასხვა სპეციალისტთან. ინიციატივების ფარგლებში მომავალ წელს სამინისტრო აამოქმედებს ახალ პროგრამას - „რთული ქცევის მოზარდთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა“, რომლის მიზანია მოზარდების სოციალური ინკლუზია, რთული ქცევის მართვა და მშობლების უნარების გაძლიერება" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
შეხვედრას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, თამარ ნარიმანიძე. ასევე, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სარეაბილიტაციო ცენტრების სპეციალისტები, ფსიქოლოგები, პედიატრები, ნევროლოგები და მშობლები.
„მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები იყვნენ აქტიური და თანასწორი მონაწილეები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ ჰქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების ყველა პირობა. ამ პროცესებში მათ ექნებათ ჩემი სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა თამარ ნარიმანიძემ.- აღნიშნა შეხვედრაზე თამარ ნარიმანიძემ.
წლის განმავლობაში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 3 000-მდე ბავშვის 36 000-მდე რეაბილიტაციის კურსს აფინანსებს.