25/06/2023
რა არის სიბრძნის კბილი და რატომ ვიღებთ მას?
კბილთა მწკრივის ბოლო, ანუ მესამე საღეჭ კბილს სიბრძნის კბილს უწოდებენ, რადგან ის ყველაზე გვიან, 17-25 წლის ასაკში (ან უფრო გვიან) ამოდის. როგორც წესი, ადამიანს 4 სიბრძნის კბილი აქვს, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გამო, ზოგიერთს მხოლოდ ნაწილობრივ ამოსდის, ზოგს კი საერთოდ არა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანს სიბრძნის კბილის ჩანასახი არც კი გააჩნია.
ამოსულ სიბრძნის კბილს, ხშირ შემთხვევაში, დაკარგული აქვს ფუნქცია, რადგან იგი ღეჭვის პროცესში, პრაქტიკულად,არ მონაწილეობს და,თავისი არსებობით,ხშირად სხვადასხვა პრობლემასაც იწვევს.
კაცობრიობის ევოლუციის პროცესში პირის ღრუს მოცულობა შემცირდა და საკმარისი სივრცე სიბრძნის კბილის ამოსასვლელად აღარ დარჩა.ამის გამო ხშირად ის ან ნაწილობრივ ამოდის,ან არ ამოდის და ყბის ძვალში რჩება,რასაც შემდგომში თან ახლავს კბილის ირგვლივი ქსოვილების ანთება.ანთების ნიშნებია: ძლიერი ტკივილი, შესიება, პირის გაღების შეზღუდვა, უსიამოვნო სუნი და გემო პირის ღრუში.
ყბის ძვალში ადგილის არარსებობის გამო სიბრძნის კბილის ნაწილობრივმა ამოსვლამ ან არამოსვლამ და ყბის ძვალში დარჩენამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს თანკბილვის დარღვევა, რაც შემდგომში,როგორც ესთეტიურ,ასევე ფუნქციურ პრობლემებს ქმნის: საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებას, რთულდება ჰიგიენის დაცვა, რაც კარიესისა და პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებული დაავადებების მაპროვოცირებელ ფაქტორს წარმოადგენს.
როდის ამოვიღოთ სიბრძნის კბილი? როდესაც გვაწუხებს ტკივილი, შესიება, პრობლემებია მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებში, აღინიშნება უსიამოვნო სუნის და გემოს შეგრძნება, ყბის ძვალში არაა საკმარისი ადგილი სიბრძნის კბილის ამოსასვლევად რის გამოც ირღვევა თანკბილვა.