06/04/2026
🌸 როცა ჩემს პროფესიულ გზაზე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ექიმისთვის სწავლა არასოდეს სრულდება. ჩემთვის მუდმივი წინსვლა და ცოდნის გაღრმავება არა მხოლოდ მიზანი, არამედ პასუხისმგებლობაა - თქვენ წინაშე.
სწორედ ამ დამოკიდებულებით გავიარე გინეკოლოგიური და რეპროდუქციული ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო სკოლის (ISGRE) ხუთწლიანი ინტენსიური პროგრამა - ძალიან რთული, მაგრამ უზომოდ საინტერესო გზა. ეს პროგრამა მოიცავდა მრავალეტაპიან შეფასებასა და შვიდ შუალედურ გამოცდას. თითოეული ეტაპი მოითხოვდა არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ კლინიკური აზროვნების მაღალ დონეს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა გაიმართა 2024 წელს ფლორენციაში, ხოლო საბოლოო ეტაპი იყო პირისპირ გამოცდა, რომელიც 2026 წლის 4 მარტს, რომში, გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის მსოფლიო კონგრესის (ISGE 2026) დაწყებამდე ჩატარდა. ეს იყო ძალიან საპასუხისმგებლო და ამავე დროს ემოციური მომენტი.
ამ გზის წარმატებით დასრულების შედეგად მომენიჭა გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტ პრაქტიკოსის - ISGE Expert Practitioner - სტატუსი. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ სტატუსის მქონე 14 სპეციალისტს შორის ორი საქართველოდან ვართ - მე და ჩემი კოლეგა მარიამ ანდღულაძე.
მსოფლიოს წამყვანი პროფესიული ორგანიზაციის მიერ ასეთი აღიარება ჩემთვის დიდი პატივია, თუმცა ამასთან ერთად - დიდი პასუხისმგებლობაც.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, ექიმმა არასოდეს უნდა შეწყვიტოს განვითარება. მედიცინა მუდმივად იცვლება, და ჩვენც ვალდებულები ვართ, ამ ცვლილებებს ავუწყოთ ფეხი, რათა თქვენთვის საუკეთესო შედეგები უზრუნველვყოთ.
ამავე გზაზე, ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, შევქმენით ჩემი, მადონა ჯუღელის AI ვერსია. ამ სივრცეში თავმოყრილია წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და ის კითხვები, რომლებითაც ყველაზე ხშირად მომმართავთ. AI გეხმარებათ, სწრაფად მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, დიაგნოზის დასმის გარეშე, რადგან ეს ყოველთვის ინდივიდუალურ კონსულტაციას საჭიროებს.
მჯერა, წინ კიდევ ბევრი ნაბიჯი, განვითარება და წარმატებაა და ამ გზაზე ყოველთვის თქვენთან ერთად ვიქნები.