24/08/2024
ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, 2600 კვ კმ-დან გაასახლეს ადამიანები და ტერიტორია ავტომატურად დარჩათ გარეულ ცხოველებს. როგორც ამ ცხოველებზე დაკვირვებამ აჩვენა, რადიაციის დონემ მათ ორგანიზმში ნელ-ნელა დაიწია, გარდა გარეული ღორებისა. ღორების ორგანიზმში რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმის კონცენტრაცია დარჩა თითქმის იგივე, რაც უშუალოდ კატასტროფის შემდეგ იყო და არ მცირდება. ამ მოვლენას გარეულ ღორების პარადოქსი ეწოდა და დიდი ხნის განმავლობაში აუხსნელი რჩებოდა.
თავი დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ღორი რადიაციას ბევრად უკეთ იტანს, ვიდრე ადამიანი, ნამდვილად ძალიან უცნაურია, რომ ღორებში, განსხვავებით თაგვების, მგლების, ირმებისა და დათვებისაგან, რადიოაქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია არ მცირდებოდა. ამისათვის საჭიროა, რომ ღორმა სადღაც უნდა „იშოვოს“ და შეჭამოს რადიოაქტიური ცეზიუმი.
ამ პარადოქსის ახსნა მხოლოდ შარშან მოხდა გერმანიაში. გამოირკვა რომ ცეზიუმ-137, რომლის ნახევარდაშლის პერიოდი 30 წელია, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ბუნებრივადაც განახევრდა და რაც დარჩა, ნალექებმა ღრმად ჩაიტანა მიწაში (ცეზიუმის მარილების უმეტესობა ხსნადია), ამიტომ ის მკვეთრად შემცირებულია ირმების, თაგვების, მელიების, მგლების ორგანიზმში. ღორების ორგანიზმში კი ცეზიუმის მაღალი კონცენტრაცია აღმოჩნდა განპირობებული არა მარტო ცეზიუმ-137, არამედ ცეზიუმ - 135-ითაც, რომლის ნახევარდაშლის პერიოდი 2,3 მლნ წელია. ცეზიუმ-135, რომელიც ატომური იარაღის გამოცდების შედეგად გაიბნა ატმოსფეროში და მოეფინა დედამიწის ზედაპირს, ასევე დიდი ხანია ჩატანილია სიღრმეში. მაშ საიდან „იშოვეს“ ცეზიუმ-135 ღორებმა?
გამოირკვა რომ ყოველივე ამას განაპირობებს ღორების კვება - ისინი საკმაოდ ღრმად თხრიან მიწას და პოულობენ ტრიუფელის ტიპის სოკოებს, რომლებიც სიღრმეში ჩატანილ ცეზიუმ- 135-ს შეიცავენ. რადგან ატომური იარაღის გამოცდის პროდუქტები ასე-თუ ისე მთელ დედამიწაზეა განაწილებული, მარტო ჩერნობილელი ღორები არ უნდა შეიცავდეს ამ ნივთიერებას. მართლაც ასე მოხდა - გამოირკვა რომ ბავარიული გარეული ღორების ხორცში იმდენი ცეზიუმ-135-ია, რომ მონადირეები დაავალდებულეს ხორცის რადიოაქტივობის შემოწმება. ბევრმა მონადირემ გერმანიაში გარეულ ღორზე ნადირობას თავი დაანება და შესაბამისად გარეული ღორებიც გამრავლდნენ. როგორც კვლევამ აჩვენა ბავარიული გარეული ღორების 88%-ის ხორცის რადიაციის დონე იმაზე მეტია, ვიდრე ეს დაშვებულია გერმანული კანონმდებლობით.
აქედან გამომდინარე, რადგან საქართველოც მსოფლიოს ნაწილია - საქართველოს არავინ დაიცავდა ატომური იარაღის გამოცდისას გავრცელებულ ცეზიუმ-135 -ისაგან, ასევე ჩერობილის ავარიის შემდგომ გავრცელებული ცეზიუმ 137-ისგანაც. ნალექები ცეზიუმს უკვე ჩაიტანდა სიღრმეში. გარეული და ტყეში გაშვებული ღორები საქართველოშიც თხრიან მიწას საკვების ძებნაში, ტრუფელი კი აქაც მოიპოვება. სიტუაცია არაფრით განსხვავდება გერმანიისაგან, მანძილიც დაახლოებით ერთნაირია ჩერნობილამდე.
დღემდე ვინმემ შეამოწმა გარეული ღორის ხორცი რადიაციაზე საქართველოში?