21/01/2024
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემზე რამდენჯერმე მომხდარი თავდასხმის შესახებ და ნაწილობრივ შევიდე საქმის დეტალებში.
ჩემზე პირველი თავდასხმა 2023 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს საათებში მოხდა, რა დროსაც ტელეფონის წართმევა სცადა ჩემთვის უცნობმა 5-მა პიროვნებამ, რასაც თან ახლდა გინება, ქონების განადგურებისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა. მათ ვერ მოიყვანეს სისრულეში გეგმა, რადგან ისინი მოვიგერიე, ხოლო პოლიცია ადგილზე 3 წუთში გამოცხადაა. შესაბამისად, მე ამ ინციდენტის შემდეგ არ მიმიღია არც ფიზიკური და არც ქონებრივი ზიანი. პოლიცია, იმ ეტაპზე, მათი გაფრთხილებით შემოიფარგლა.
10 დღის შემდეგ, უკვე 02 ნოემბერს, დღისით სკვერში გადაადგილებისას, თითქმის იგივე შემადგენლობის ჯგუფმა შემნიშნა, ხოლო მათგან 2 ამედევნა და დაიწყეს ლანძღვა-გინება, ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობით მუქარასაც. ქვები მესროლეს, თუმცა არც ამჯერად მიმიღია ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი. პოლიცია იმ ეტაპზეც შემოიფარგლა გაფრთხილებით.
რამდენიმე დღის შემდეგ, უკვე 06 ნოემბერს, დღის საათებში სკვერში გადაადგილებისას ამ ჯგუფიდან 2 პიროვნება ამედევნა, უკნიდან მოპარვა სცადეს, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. ადგილი ჰქონდა გინებას და მათგან ერთ-ერთი კვლავ იმუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ მნახავდა ისეთ ადგილას, სადაც არ იქნებოდა ვიდეოკონტროლი. პოლიცია ამ ეტაპზეც გაფრთხილებით შემოიფარგლა.
როგორც ჩანს, ისინი გაბოროტებული იყვნენ, რადგან ვერც ერთ ჯერზე ვერ მოიყვანეს სისრულეში განზრახვა, ხოლო მომდევნო დღეებში მე უკვე ვამჩნევდი, რომ მითვალთვალებდნენ.
რამდენიმე დღეში, უკვე 09 ნოემბერს, სუპერმარკეტში 2 თანმხლებ პირთან ერთად ყოფნისას, თავს დამესხა 9 წევრისგან შემდგარი ჯგუფი, რა დროსაც 3-მა მათგანმა ფიზიკური დაზიანებები მომაყენეს, მათ შორისაა ნეკნის მოტეხილობაც. აღნიშნულზე გამოძიება დაიწყო ს.ს.კ. 126-ე I პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ძალადობას დამამძიმებელ გარემოებაში (ჯგუფურად).
საქმის დეტალური გამოიების და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, მათ ბრალი უფრო დაუმძიმდათ და ამ ეტაპზე მათ ბრალად ედებათ:
ს.ს.კ. 126-ე I პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი - ძალადობა ჯგუფურად
ს.ს.კ. 118-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება
ს.ს.კ. 151-ე მუხლი - მუქარა
მსურს აღვნიშნო, რომ ამ 2 თვის განმავლობაში, რა დროის მანძილზეც გამოძიება მიმდინარეობდა, არავის მოუმართავს ჩემთვის ბოდიშის სათქმელად, არც კომპენსაციის შემოსათავაზებლად, არც ერთი მათგანის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ჩადენილის სინანულს და უფრო მეტიც, გამოძიების დაწყების შემდეგ რამდენიმე დღეში, 16 ნოემბერს კვლავ მზადდებოდა ჩემზე თავდასხმა, რაც დროულად იქნა აღკვეთილი.
აქვე განვმარტავ, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცავი ორგანო დაიწყებს მომხდარ დანაშაულზე გამოძიებას, დაზარალებულს არ აქვს უფლება „საჩივარი გამოიტანოს“. ამას არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი და გათანაბრებულია ჩვენების შეცვლასთან. შესაბამისად, დაზარალებული მოკლებულია შესაძლებლობას, „გამოიტანოს საჩივარი“, ხოლო ჩვენების შეცვლა ისჯება კანონით. გარდა ამისა, რომც იყოს პროცედურულად ეს შესაძლებელი, მე არ მაქვს ამის საფუძველი, სხვა შემთხვევაში თავს უარესი რისკის ქვეშ დავაყენებდი, რადგან ისინი გააგრძელებდნენ მუქარის სისრულეში მოყვანის მცდელობას და მოკვლას.
მოვუწოდებ ბრალდებულთა გულშემატკივრებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და თავის მართლების კანონით დადგენილ წესებს. მათი მხრიდან სამართალდარღვევისა და დანაშაულის ნებისმიერი ფაქტი (მათ შორის მუქარა) დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონის ფარგლებში და იმოქმედებს მათ წინააღმდეგ, რაც ბრალდებულთა რიცხვს გაზრდის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
მთავარი არხი • Mtavari Arkhi